ზესტაფონში პლასტმასის ნარჩენების განსაკუთრებით მაღალი დაბინძურება გამოვლინდა.
რიონის აუზის 13 უბანზე ჩატარებულმა შეფასებებმა დაადასტურა პლასტმასის ნარჩენების დომინირება ყველა ლოკაციაზე, ამასთან, დადგინდა რომ მდინარე რიონში ნარჩენების სიმჭიდროვე საშუალოდ შეადგენს 1.77 ერთეულს კვადრატულ მეტრზე და ზოგიერთ უბანში თითქმის 4 ერთეულამდე აღწევს, რაც საგრძნობლად აღემატება სხვა ევროპულ მდინარეებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 0.5 ერთეული/მ²). განსაკუთრებით მაღალი დაბინძურება დაფიქსირდა ზესტაფონში.
საქართველოს მთავრობა 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში/ნაკეთობაში შეფუთული/განთავსებული სურსათის მიწოდებას კრძალავს, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან სრულად აიკრძალება პლასტმასის მასალაში/ნაკეთობაში შეფუთული/განთავსებული სურსათის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილება ეხება არა მხოლოდ სასმელს, არამედ ნებისმიერი კატეგორიის სურსათს. გამონაკლისი იქნება მხოლოდ მზესუმზირის ზეთი და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის სასმელი წყალი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილების პროექტი საქართველოს მთავრობას უკვე მზად აქვს.
ცნობისთვის, პლასტმასის ნაკეთობები შეიცავს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ბისფენოლი A (BPA), ფტალატები და სხვა, რომლებიც შეიძლება გადავიდეს საკვებსა და სასმელში. ეს ქიმიურ ნივთიერებები ცნობილია რომ აზიანებს ენდოკრინულ სისტემას და აფერხებენ ჰორმონების ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც შესაძლოა აისახოს ნაყოფის განვითარებაზე, ჰორმონალურ ბალანსზე, მეტაბოლიზმსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.