დაავადებები გენეტიკურ სახეს იღებს — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



დაავადებები გენეტიკურ სახეს იღებს

date 4 ოქტომბერი 2016
article187.jpg

 

   შპს „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენისა და მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს, ქალაქ ზესტაფონში სიმსივნეების რაოდენობის ზრდასა და ჰაერის დაბინძურებას შორის კავშირის შესახებ სკანდალურ ანალიზს აქვეყნებს.

   სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე საყვარელიძის განცხადებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები გენეტიკურ სახეს იღებს.

   როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, საქართველოს მასშტაბით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მსგავსი დაავადებების რიცხვი ყველაზე მეტად ვლინდება, რაზეც მოწმობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სტატისტიკური მონაცემები.

“მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ზემოაღნიშნული მიზეზებით შეძენილი დაავადებები იღებს გენეტიკურ სახეს და გადაეცემა თაობებს”, -ვკითხულობთ „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ელენე საყვარელიძის განცხადებაში.

   ონკოლოგ მაია ქურციკიძის თქმით, ზესტაფონში სიმსივნით პირველადი დაავადების თვეში დაახლოებით 10-12 შემთხვევაა.

   სულ ცოტა ხნის წინ, ზესტაფონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ილია კოკაიამ სწორედ ზესტაფონში ჰაერის დაბინძურების შესახებ მიღებული კვლევის შედეგები გაასაჯაროვა, რომელიც „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის“ დასკვნას ამყარებს.

   შედეგებზე დაყრდნობით, გაირკვა, რომ ჰაერში მტვრისა და მანგანუმის კონცენტრაცია საშუალო მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება. ონკოლოგიური დაავადებების რაოდენობის ზრდა კი ზესტაფონში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება. ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია ქალაქ ზესტაფონის სამ წერტილში გაიზომა: ჭანტურიას ქუჩა, შათირიშვილის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. კვლევის შედეგებიდან ნათლად ჩანს, რომ ქალაქ ზესტაფონის ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მანგანუმის დიქსიდის საშუალო თვიური მონაცემები, 2016 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ზღვრულად დასაშვებ ნორმებს მკვეთრად აღემატება.

   კოკაიას თქმით, კომპანიები არ იცავენ წარმოების წესებს და ხელს უწყობენ რეგიონში ეკოლოგიურ კატასტროფას.

„ზესტაფონი გადაიქცა საქართველოს ჩერნობილად. ეს კვლევები ამ ყველაფერს ადასტურებს. ჩვენ ვართ კატასტროფის წინაშე, არა მარტო ამ რაიონში, არამედ ზოგადად საქართველოშიც, იმიტომ, რომ ზესტაფონის მოსახლეობა საქართველოა. ტოტალურად კიბოსა და ონკოლოგიური დაავადებების ტყვეები გავხდით. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ უმსგავსობით , რაც ქალაქის ცენტრში ხდება, მთავარ ბაზართან. მოსახლეობა მტვრით დაფარულ საკვებს ყიდულობს და იწამლავს ორგანიზმს“,-განაცხადა კოკაიამ.

   შეგახსენებთ, რომ ამჟამად ზესტაფონში ფეროშენადნობის როგორც მოპოვებაზე, ისე დამუშავებაზე 6 კომპანია მუშაობს. კარიერი და საფშვნელი, ის, რომელზეც მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი საუბრობს, შპს „ეკომეტალს“ ეკუთვნის, რომლის მფლობელებიც ყოფილი პარლამენტარები, ძმები სამადაშვილები არიან.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მდგომარეობა სავალალოა. ჰაერის დაბინძურების ხარისხი და დაავადებების მზარდი სტატისტიკა ზესტაფონს „სიმსივნის კერად“ აქცევს.

 

წყარო