ვალიკო ჯუღელი


ვალერიან (ვალიკო) ჯუღელი ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ სვირში, 1887 წელს დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რა პერიოდშიც სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში ჩაება და 1904-1905 წლების საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდა. 1912 წელს დაასრულა სოხუმის გიმნაზია და სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძო. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურ ფრაქციაში. ვალიკო ჯუღელი, 1916 წლის ზაფხულში, ბოლშევიკური საქმიანობის ბრალდებით, თბილისში დააპატიმრეს.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ჯუღელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრაქციას მიემხრო. ამავე წლიდან იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლიდან, ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი. 1917 წლის დეკემბრიდან, ჯუღელი, სათავეში ჩაუდგა საქართველოს წითელი გვარდიის (1918 წლის ივნისიდან სახალხო გვარდიის) ჩამოყალიბებას.
1917 წლის 12 დეკემბერს, მისი მეთაურობით, გვარდიელებმა თბილისის არსენალი დაიკავეს და იქ განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილები განაიარაღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ვალიკო ჯუღელი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად აირჩიეს. მთავარი შტაბის ნომინალურ მეთაურად ნოე ჟორდანიას ყოფნის მიუხედავად, სახალხო გვარდიას, პრაქტიკულად, ვალიკო ჯუღელი მეთაურობდა.
იბრძოდა პირველი რესპუბლიკის პერიოდში წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებებში, სადაც თანამებრძოლებს მამაცობისა და გამბედაობის მაგალითს პირადად უჩვენებდა. საქართველოში რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პავლე სიტინი საიდუმლო მოხსენებაში მას შემდეგგვარად აღწერდა: ,,დიდი მონაცემების მქონე პიროვნება, ძალიან მიზანდასახული. აქვს დიდი პირადი სიმამაცე, გამბედაობა და გამხნევების უნარი. ღირსებისმოყვარეა, ურჩევნია სოფელში იყოს პირველი, ვიდრე ქალაქში მეორე. სამხედრო საქმეს იცნობს პრაქტიკულად საკუთარი სიმამაცის წყალობით, ბრწყინვალე ბელადია."
1919 წელს, ვალიკო ჯუღელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იგი გახლდათ სამხედრო კომისიის წევრი. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, ოსიაურის ბრძოლაში (4-6 მარტი), ვალიკო ჯუღელი მსუბუქად დაიჭრა.
1921 წლის მარტში, მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან ერთად, ჯუღელმა საქართველო დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა, სადაც ანტისაბჭოთა ბრძოლაში ჩაება. 1922 წელს, სხვა სამხედრო პირებთან ერთად, შეიმუშავა და რესპუბლიკის მთავრობას განსახილველად გაუგზავნა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების გეგმა.
ვალიკო ჯუღელმა, 1923-1924 წლებში, სპეციალური წრთვნა საფრანგეთის არმიის 35-ე ქვეითთა პოლკში გაიარა. პოლკში მისვლის შემდეგ, 1923 წლის 22 ივლისს, ჯუღელი აკაკი ჩხენკელს წერდა: ,,გუშინ დავიწყე მუშაობა, გავყევი ერთ-ერთი როტის მუშაობაზე. იყო თოფის სროლის ვარჯიშობა და მსუბუქი პულემიოტების დაშინჯვა. ოფიცრები ყოველივეს მიხსნიდნენ, მირკვევდნენ, მთალდ უვიცი არც მე გამოვდექი. და გუშინ, როცა ერთად ამუშავდა ექვსი მსუბუქი ტყვიისმფრქვეველი, როცა კვლავ მეცა თოფის წამლის სუნი და როცა დავინახე დაკაპიწებული ჯარისკაცები - ამითამაშდა, ამიძგერდა გული! ფიქრები, დარდები, იმედები ყოველ მხრივ ამომაწვნენ. საქართველო, ტანჯული, დაჩაგრული, დამარცხებული, მაგრამ კვლავ მებრძოლი სამშობლო დამიდგა თვალწინ, აგორაკებული, ამწვანებული ბუნებაც ჩემ ქვეყანას მომაგონებდა. და დანაღვლიანებულ, ტანჯულ გულში შეიჭრა იმედი! გარდაუვალი, დაუძლეველი, მტკიცე და საფუძვლიანი იმედი! საქართველო მალე, სულ მალე იქნება თავისუფალი! - მეუბნებოდა გული. შეუძლებელია არ გადაიგდოს მან მტრის უღელი! და თუ როდესმე მე მქონია ბრძოლის და თავდადების სურვილი, თუ როდესმე მქონია იმედი გამარჯვებისა, დღეს ყოველივე ჩემში ეს გაორკეცდა ... ასეთია პირველი შედეგი ჩემი აქ ჩამოსვლისა .."
1924 წელს, თანამებრძოლებთან ერთად, ვალიკო ჯუღელი საქართველოში ფარულად დაბრუნდა. თავდაპირველად, გურიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი თბილისში, სადაც დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიას შეუერთდა და აჯანყების სამზადისს ჩაუდგა სათავეში. 1924 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (,,ჩეკა") ვალიკო ჯუღელი დააპატიმრა. ,,ჩეკაში" მას აჯანყების გეგმა წარუდგინეს, რის შემდეგაც ჯუღელმა, რომელიც დარწმუნდა აჯანყების წარმატებით დასრულების შეუძლებლობაში, თვითმკვლელობა სცადა. მოგვიანებით, აჯანყების გაუქმების მიზნით, მან თანამებრძოლებთან შეხვედრა მოითხოვა.
,,ჩეკამ" ამ საქმისთვის პატიმარი ვანო ღლონტი გაათავისუფლა, თუმცა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, მიღებული წესების თანახმად, რომელიც ,,ჩეკას" მიერ დაპატიმრებულ თანამებრძოლთან კონტაქტს გამორიცხავდა, ვალიკო ჯუღელს პასუხად დაუბრუნა, რომ აჯანყება არ იგეგმებოდა. ვალიკო ჯუღელმა, აჯანყების გაუქმების მოთხოვნით, თანამებრძოლებს გაზეთ ,,კომუნისტის" საშუალებითაც მიმართა.
1924 წლის აჯანყების დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, 30 აგვისტოს, ვალიკო ჯუღელი თბილისში დახვრიტეს.
გენერალი გიორგი კვინიტაძე მის შესახებ წერდა: „მაპატიოს ვალიკო ჯუღელმა ეს სიტყვები. როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება, იგი ყოველთვის მომწონდა; ამაში იგი დარწმუნებული უნდა იყოს, ვინაიდან სხდომებზე ჩვენი არაერთი შეტაკების მიუხედავად, მის მიმართ სიმპათია ხშირად გამომიხატავს. როგორც მოღვაწე, იგი არ იყო მზად იმ უზარმაზარი როლისთვის, რომელიც მას წილად ხვდა ჩვენი ხალხის ისტორიაში“.